ამირან გამყრელიძე: კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება

ამირან გამყრელიძე: კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება

ვფიქრობ, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელმაც ვაქცინისა და მედიკამენტის შექმნის შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, დღეისთვის მსოფლიოსი 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, მაგრამ დაახლოებით 10 გადის კლინიკურ კვლევას. მათგან 4 კვლევის ბოლო ეტაპებზეა გადასული. გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფრო ადრე შეიქმნება, ვიდრე პრეპარატი.

„ამ ოთხს შორისაა ოქსფორდის მიერ შემუშვებული ვაქცინა. ასევე, არის ამერიკაში შექმნილი, ამერიკულ-გერმანული და კიდევ რამდენიმე, რომლებიც მოწინავე ეტაპზე არიან. ვფიქრობ, ვაქცინა გარკვეული რაოდენობით იქნება გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში.

რაც შეეხება მედიკამენტს, უფრო რთულადაა საქმე. რამდენიმე მედიკამენტი კვლევის ფაზაშია, მაგრამ უფრო მეტი აქცენტია „ძველ მედიკამენტებზე“. რომლებიც სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდნენ და ღრმა კლინიკური კვლევები ტარდება. იცით „რემდესევირი“, რომელიც ებოლას საჭინააღმდეგოდ შეიქმნა. ასევე, დიდი გამოხმაურება აქვს ცნობილ პრეპარატს „დექსამეტაზონს“, შიდსის საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატს, რომელთა გარკვეული ეფექტურობა დადასტურებულია და მათი კლინიკური კვლევები მიმდინარეობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.