სოფელ ღებში პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და პირადად მოისმინა მოსახლეობისგან სტიიქით გამოწვეული პრობლემები

სოფელ ღებში პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და პირადად მოისმინა მოსახლეობისგან სტიიქით გამოწვეული პრობლემები

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში იმყოფებოდა, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. 

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც ორ დასახლებას შორის საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია. გიორგი გახარიამ საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივებთან ერთად ორივე სოფელი მოიარა, სტიქიით შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობის პრობლემებზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო. 

პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს სოფელ ღებში საგანგებო შტაბის წევრები - პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მერი დავით ჩიკვაიძე დახვდნენ, რომლებიც სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ესაუბრნენ. 

გიორგი გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ, რათა სტიქიის გამო მათთვის შექმნილი პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას.