3 დამ მძინარე მამა მოკლეს - მოსკოვში ხაჩატურიანების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

3 დამ მძინარე მამა მოკლეს - მოსკოვში ხაჩატურიანების საქმეზე  სასამართლო პროცესი დაიწყო

მიხეილ ხაჩატურიანის გვამი მოსკოვში, საკუთარ სახლში 2018 წლის ივლისში იპოვეს - მას კისრისა და მკერდის არეში მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

როგორც CNN წერს, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ის სახლში ფსიქიატრიული კლინიკიდან დაბრუნდა და ოთახებში არეულობის გამო სასტიკად სცემა თავისი სამი შვილი - გოგონების ადვოკატების გავრცელებული ინფორმაციით, მათ სახეში წიწაკის სპრეი შეასხა. უფროსმა გოგონამ კრისტინამ, რომელსაც ასთმა აქვს, გონება დაკარგა.

ეს ის საშინელი ღამე იყო, როდესაც დებმა ხაჩატურიანებმა - 19 წლის კრისტინამ, 18 წლის ანგელინამ და 17 წლის მარიამ გადაწყვიტეს, მამის მკვლელობა. დები მძინარე მიხეილ ხაჩატურიანს ჩაქუჩით და დანით დაესხნენ თავს. მოგვიანებით პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

მკვლელობიდან შემდგომ დღეს სამივე მათგანი დააპატიმრეს - გოგონებმა დანაშაული აღიარეს და განაცხადეს, რომ წლების განმავლობაში მამა მათზე სექსუალურად, ფიზიკურად და ემოციურად ძალადობდა.

გასულ ზაფხულს გოგონებს წინასწარ განზრახ მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს, რამაც რუსეთში, ოჯახური ძალადობის მოწინააღმდეგე აქტივისტებში დიდი ხმაური გამოიწვია.

მრავალხნიანი საგამოძიებო პროცესის და წინასასამართლოს სხდომების შემდეგ, გუშინ მოსკოვში დების სასამართლო პროცესი დაიწყო. კრისტინა და ანგელინა სასამართლოს წინაშე ერთად წარდგებიან, მარია კი, რომელიც მკვლელობის დროს არასრულწლოვანი იყო, ადვოკატის, ალექსეი ლიპსტერის თქმით, ცალკე გასამართლდება.

ლიპსტერმა "ფეისბუქზე" გაავრცელა მიმოწერა, სადაც წერია რომ, მიხეილ ხაჩატურიანი გოგონებს მოკვლით ემუქრებოდა, მათზე და გოგონების დედაზე სექსუალურად ძალადობდა.

"მოგკლავთ! მეძავები ხართ და დაიხოცებით, როგორც მეძავები," - წერდა ხაჩატურიანი ერთ-ერთ მესიჯში 2018 წლის აპრილში, ის გოგონებს ერთ-ერთ მეგობარ ბიჭთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებდა.

გასაჯაროებული დაკითხვის ოქმებიდან, ასევე, ირკვევა, რომ მკვლელობამდე 4 წლის განმავლობაში ოჯახში ხშირად ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას.

"ვფიქრობთ, რომ მათ არჩევანი არ ჰქონდათ. გოგონები მამამ სასოწარკვეთამდე მიიყვანა, მათი ცხოვრება ჯოჯოხეთური იყო. მათი შედარება არ შეიძლება ჯანმრთელ, მშვიდ ადამიანებთან, გოგონებს განუვითარდათ სერიოზული მენტალური დაავადებები," - განაცხადა უმცროსი გოგონას ადვოკატმა ალექსეი პარშინმა.

გასული ზაფხულის შემდეგ გოგონების მხარდასაჭერად აქტივისტებმა უამრავი აქცია გამართეს, ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ, შემთხვევა თავდაცვად გადაკვალიფიცირებულიყო.

ასევე ირკვევა რომ, დების წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ნათესავებმა განცხადება გააკეთეს. გარდაცვლილი მიხეილ ხაჩატურიანის დამ, ნაირა ხაჩატურიანმა განაცხადა, რომ გოგონებმა მამის მკვლელობა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მათ ისრაელში საცხოვრელბალ გამგზავრება სურდათ.

"ფიქრობდნენ, რომ მამის თავიდან მოშორების შემდეგ ისე იცხოვრებდნენ, როგორც მათ სურდათ. მამის საკუთარი ცხოვრებიდან წაშლა მოისურვეს," - განაცხადა ნაირა ხაჩატურიანმა.

მიხაილ ხაჩატურიანის ძმის შვილმა, არსენმა კი აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობას ადგილი არ ჰქონია და გოგონები მის მოკვლას დიდი ხნით ადრე გეგმავდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კრისტინას, ანგელინას და მარიას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.