როდესაც რაღაც გახმაურდება, ის აღარ ხდება ხოლმე - მატვეი განაპოლსკი გიორგი გაბუნიას საქმეზე

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვალდებული იყო, რომ საპროტესტო ნოტა აუცილებლად გაეგზავნა რუსეთისთვის მაშინ, როდესაც რამზან კადიროვი მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ "მთავარ არხთან" ისაუბრა.

როდესაც რაღაც გახმაურდება, ის აღარ ხდება ხოლმე - მატვეი განაპოლსკი გიორგი გაბუნიას საქმეზე

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვალდებული იყო, რომ საპროტესტო ნოტა აუცილებლად გაეგზავნა რუსეთისთვის მაშინ, როდესაც რამზან კადიროვი მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ "მთავარ არხთან" ისაუბრა. 

ჟურნალისტი, რომელიც ახლა კიევში იმყოფება, ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, ვლადიმერ პუტინს აღარ ენდომება, რომ ასეთ სკანდალში გაეხვეს და ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ დაგეგმილი მკვლელობა განხორციელდეს. 

როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს, როგორც ღირსეული ხალხის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოფიციალური რეაქცია. ეს ამბავი უყურადღებოდ არ უნდა დაეტოვებინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა უნდა გაეგზავნა რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან კადიროვი რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელია. მისი განცხადება კი საერთაშორისო საკითხებს ეხება და არა მგონია, რომ ასეთ საკითხებზე საუბარი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მაგრამ გაბუნიას ადგილას მე ამ ამბავს ახლა დიდ ყურადღებას აღარ მივაქცევდი, რადგან, როდესაც რაღაც გახმაურდება, ის აღარ ხდება ხოლმე. ხომ იცით გამოთქმა, ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა ეშმაკს ესმის და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საქმე აღარ გამოვიდესო. დიახ, კადიროვი არის პუტინთან ანგარიშვალდებული ადამიანი, მაგრამ არამგონია, რომ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ პუტინს აწყობდეს ასეთი დაუჯერებელი სკანდალი, მაშინ, როდესაც ის გამარჯვების პარადის მოწყობას აპირებს მოსკოვში და იქ მისი ყველაზე მაღალი რანგის სტუმრების, აფხაზეთისა და ოსეთის ლიდერებიც იქნებიან, - ამბობს მატვეი განაპოლსკი.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. გაბუნია ხვალ, მოწმის სახით გამოსაკითხად, 10:00-ზე არის დაბარებული. მივა თუ არა გაბუნია სუს-ში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამბობს, რომ ამას ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს. 

მანამდე კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია დაიბარეს. თუმცა, გვარამია სუს-ში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიზეზი სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობაა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო. 

Copyright © mtavari.tv