რამ შეუშალა ხელი ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას...

რამ შეუშალა ხელი ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას...

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობს იმ პერიოდიდან, როდესაც ის ჩვენ შევიძინეთ ძველი მეპატრონისაგან 4 წლის წინ, - აცხადებს საკალმახე მეურნეობა.

კომპანიის ხელმძღვანელობა უსამძიმრებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და აცხადებს, რომ მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რის გამოც კომპანია თავს ვალდებულად თვლის, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახს რეალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„სხვადასხვა მასმედიისა და ტელევიზიის საშუალებებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რის გამოც სიმართლის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით თავს ვალდებულად ვთვლით, ვუპასუხოთ აღნიშნულ ცრუ ინფორმაციას.

ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს. თავს ვალდებულად ვთვლით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წინაშე, რომ მივაწოდოთ მათ რეალური ინფორმაცია.

მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გამოძიების სწორი მიმართულებით წარმართვა და პირველ რიგში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისათვის და საზოგადოებისათვის რეალური ინფორმაციის მიწოდება.

საკალმახე მეურნეობის ტერიტორია ჩვენს მფლობელობაშია მეოთხე წელიწადია და ის იმყოფება რეკონსტრუქციის პროცესში. ტერიტორიაზე არსებული კამერები ჩვენს მიერ ობიექტის შეძენის დროსაც იყო, მაგრამ უფუნქციოდ, ვინაიდან არ იყო მუშა მდგომარეობაში. ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები და ობიექტი არ არის დასრულებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობს იმ პერიოდიდან, როდესაც ის ჩვენ შევიძინეთ ძველი მეპატრონისაგან 4 წლის წინ. ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ არის განთავსებული სასტუმრო. ობიექტზე ფუნქციონირებს მხოლოდ თევზის წარმოება და სეზონული გარე (ღია სივრცის) თევზის რესტორანი.

2020 წლის 2 აგვისტოს ჩვენი კომპანიის ტერიტორიაზე ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ გამოკითხვები და მოხდა დამონტაჟებული კამერების, რომელიც ჯერ კიდევ წინა მეპატრონის მიერ იყო ჩაჭრილი, ვიზუალური დათვალიერება და ექსპერტების მიერ დაფიქსირებულ იქნა, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ მუშა მდგომარეობაში, კამერის ჩანაწერები არ ყოფილა ამოღებული, რადგან ჩვენი კამერები არ მუშაობს 4 წელიწადია და არც სერვერი არ გაგვაჩნია, შესაბამისად ვერც 10 დღის წინ და ვერც დღეს ვერ იქნებოდა ჩანაწერები ამოღებული, რადგან ჩვენთან სამწუხაროდ არ მიმდინარეობდა ვიდეო კონტროლი.

კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობთ ოჯახს ამ დიდი ტრაგედიის გამო და იმედს ვიტოვებთ, რომ ოჯახი უახლოეს პერიოდში მიაღწევს სიმართლის დადგენას“, - აცხადებს საკალმახე მეურნეობა.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს თავის მანქანაში. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. კამერებში ჩანს თუ როგორ გადაადგილდება თამარ ბაჩალიაშვილი თავისი ჰუნდაის ავტომობილით.