ვინ უწყობს ხელს ნარკორეალიზატორებს?

ვინ უწყობს ხელს ნარკორეალიზატორებს?

პოლიციამ დააკავა ნარკოტიკების რეალიზატორთა ჯგუფი, რომელთა მიერ დანაშაულებრივი გეგმით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ.

გამოძიების საშუალებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკების რეალიზაციას კი ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს ტელეფონის საშუალებით, რაღაც გარკვეული რაოდენობის თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების ყიდვას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიების საშუალებით ასევე დადგინდა, რომ ამ წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფომრაციაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.